top of page
Search

ნამდვილად გჭირდებათ ახალი თანამშრომელი ?

Updated: Dec 10, 2019


- ბატონო ელდარ გამარჯობა, შეიძლება ?

- გამარჯობა, მოდი შემოდი.. დაჯექი..

- ერთი საკითხი მინდა გავიარო თქვენთან.. მოკლედ, რაც ბოლო ორი ლოკაცია დავამატეთ, საქმე ძალიან გამეზარდა და ვერ ავუდივარ, ვფიქრობ, რომ ვინმე დავიმატო გუნდში, რომელიც შემეშველება და რაღაც, პატარა წვრილმანებზე, აღარ დავკარგავდი დროს..

- გეთანხმები, იცი? ამ ბოლო დროს, შევნიშნე, რომ დროში ხარ გაჭედილი, წერილებზე პასუხს მიგვიანებ, შეხვედრებზეც დააგვიანე ერთი ორჯერ.. იმასაც ვხედავ, რომ გვიანობამდე ხშირად რჩები ხოლმე, რაც სიმართლე გითხრა არც მომწონს ძალიან.... და რას ფიქრობ, მაინც რა ფუნქციებს გადაულოცავ ახალ თანამშრომელს ?

- ეგრე არ ვიცი ჯერ, ვფიქრობ, რომ დამეხმარება რაღაცებში, უფრო წვრილმანებში.. რომ შევარჩევ მერე შევხედავ..

- კაი ვცადოთ აბა, აიყვანე ვინმე და დავაკვირდეთ.. როგორ მოგვარდება საქმეები, თუ არ მოგვარდა, სხვა მიმართულებით გადავიყვანთ, სხვაგანაც ბევრი თანამშრომელი გვჭირდება..

- კარგი, მადლობა ბატონო ელდარ, მივწერ მაშინ HR - ებს და თქვენც, რომ დამიდასტუროთ..

- კარგი..


თუ თქვენ "ბატონ ელდარში" თქვენი თავი ამოიცანით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა და ბოლომდე ყურადღებით ჩაიკითხეთ..


უნივერსალური მეთოდი, გაზომო ნამდვილად გჭირდება თუ არა ახალი თანამშრომელი, ალბათ, არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე, რთულად, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი წინაპირობა, რომლის გარეშე შეუძლებელია სწორად განსაზღვრო გჭირდება თუ არა ახალი სამუშაო ძალა...


მაშ ასე, 7 აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად გასცეთ შემდეგ შეკითხვას პასუხი: „ნამდვილად გჭირდებათ ახალი თანამშრომელი“?


ნაბიჯი 1. გააკეთეთ ფუნქციების ჩამონათვალი - ეცადეთ, რაც შეიძლება სრულყოფილად ჩამოთვალოთ ყველა ის ფუნქცია, რომელსაც თქვენ და თქვენი თანამშრომლები ასრულებთ, თუ ამას მარტო ვერ შეძლებთ, დაიხმარეთ სხვა გამოცდილი პროფესიონალი თქვენი გუნდიდან, ან დაიქირავეთ შესაბამისი სპეციალისტი.


სად იპოვოთ შესაბამისი სპეციალისტი? მკითხეთ, დაგეხმარებით...


ნაბიჯი 2., თუმცა ჯერ სანამ "ნაბიჯ 2"-ზე გადავალთ, გადაავლეთ თვალი ჩამოთვლილ ფუნქციებს, კარგად გადახედეთ, ხომ არ არის რომელიმე ისეთი ფუქნცია, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ?


აღმოაჩინეთ ხომ ?


არ გაგიკვირდეთ, ჩვეულებრივი ამბავია. კომპანიები, რომლებიც პირველად მიმართავენ მსგავს პროცესს ხშირად აღმოაჩენენ ისეთ ფუქნციებს, რომლებიც საერთოდაც არ სჭირდებათ..


ახლა კი ნადმვილად ნაბიჯი 2. დაყავით ფუნქციები წვრილ საქმიანობებად - მიაქციეთ ყურადღება, საქმიანობა ისე იყოს დაყოფილი, რომ მეტი ვეღარ იყოფოდეს. თითოეულ საქმიანობას მიანიჭეთ მისი უნიკალური სახელი ან თუ გირჩევნიათ კოდი..


ახლა კარგად დააკვირდით, არ გამიკვირდება კიდევ თუ აღმოაჩენთ ისეთ საქმიანობებს, რომლებიც საერთოდაც არ გჭირდებათ და ამის გარეშეც, შესაძლებელია იმ ოპერაციის შესრულება.


ან შეიძლება საქმიანობები მეორდება, ან შესაძლოა, ორი სხვადასხვა ოპერაციის ქვეშ იყოს ზუსტად ერთი და იგივე უნიკალური საქმიანობა.


ნაბიჯი 3. დაფიქრდით - იქნებ ისე ააწყოთ პროცესი, რომ საქმიანობები და ფუნქციები არ დუბლირდებოდეს, ასე ხომ თქვენი კომპანიის ხარჯები შემცირდება და ეფექტიანობა ბევრად გაიზრდება?! მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია ეს შეუძლებელი. დარწმუნებული ვარ, უმრავლეს შემთხვევაში, თქვენ ამას შეძლებთ.


თუ ვერ შეძლებთ, ან ფიქრობთ, რომ ამის დრო არ გაქვთ, დაიქირავეთ კონსულტანტი, რომელიც ამ საქმეს ზედმიწევნით კარგად გაგიკეთებთ.


სად იპოვოთ კონსულტანტი? მკითხეთ, დაგეხმარებით...


საქართველოში, თითქმის ყველა სფეროში, სამუშაო პროცესი დაკოპირებულია სხვა წარმატებული კომპანიებისგან, რომლებსაც ასევე დაკოპირებული აქვთ სამუშაო პროცესები კიდევ უფრო სხვა წარმატებული კომპანიებისგან..


საბოლოოდ, ეს ყველაფერი გაფუჭებულ ტელეფონს მაგონებს, როცა ერთი მარტივი წინადადება, რამდენიმე ადამიანის ხელში, აბსოლუტურად სხვა წინადადებად იქცევა.. ვფიქრობ, რომ ამდენი დაკოპირებით, შესაძლოა სულ სხვა, ბევრად არაეფექტურ ბიზნეს პროცესს მართავდნენ ქართული კომპანიები. ამიტომ მსგავსი ანალიზი, ვფიქრობ, აუცილებელია.


ნაბიჯი 4. გაზომეთ თითოეული საქმიანობა - მას შემდეგ, რაც ფუნქციებს დაყოფთ წვრილ საქმიანობებად, დრო დგება გაზომოთ თითოეული ეს საქმიანობა..


ამისთვის არსებობს ისეთი მაჩვენებელი, როგორიც არის კაც/საათი , კაც/დღე და ა.შ.


რას ნიშნავს კაც/საათი ან კაც/დღე? - ეს გულისხმობს, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ისეთი თუნდაც, როგორიც თქვენ ხართ, ერთ კონკრეტულ საქმიანობას, რამდენ წამს/წუთს/საათს/დღეს/კვირას მოანდომებს.


ნაბიჯი 5. ააგეთ ამოცანათა ჯაჭვი, ისე, რომ მიიღოთ ფუნქცია და ეს ფუნქციები ლოგიკურად გააერთიანეთ სამუშაო როლებში / პოზიციებში - ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანაა, რომელიც მოითხოვს როგორც ტექნიკურ, ასევე ცოტა შემოქმედებით კომპეტენციებსაც.. ისეთი ადამიანია საჭირო, რომელსაც პროცესი ზედმიწევნით კარგად ესმის და პროცესების დახვეწაც შეუძლია..


სად იპოვოთ ასეთი ადამიანი? მკითხეთ, დაგეხმარებით...


ნაბიჯი 6. შეუსაბამეთ სამუშაო როლები თქვენს თანამშრომლებს და განსაზღვრეთ კონკრეტული როლის შესასრულებლად რამდენი ადამიანი, რა დატვირთვით, არის საჭირო - გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთი ადამიანი ასრულებს 5 ერთეულ სამუშაოს, არ ნიშნავს იმას, რომ 2 ადამიანი შეასრულებს 10 ერთეულ სამუშაოს.


აქ გასათვალისწინებელია შრომის ზღვრული პროდუქტის თეორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ბიზნეს გარემოს შემთხვევაში, ეს შესაძლოა იყოს 9 ან უფრო ნაკლები ერთეული და ზოგიერთი ბიზნეს გარემოს შემთხვევაში 11 და უფრო მეტი ერთეული.

(ზღვრულ პროდუქტზე, იგივე მასშტაბის ეფექტზე, ალბათ ცალკე დავწერ).


ნაბიჯი 7. თითოეული პოზიციისთვის შექმენით დეტალური სამუშაო აღწერილობა - სამუშაო აღწერილობის ბევრი ფორმა არსებობს, თუმცა მთავარია, რომ ის ბოლომდე პასუხობდეს მიზანს. მისი მიზანია, რაც შეიძლება ნათლად და დეტალურად იყოს გაცვლილი მოლოდინები ხელძღვანელსა და თანამშრომელს შორის.


(თუ როგორი უნდა იყოს კარგი სამუშაო აღწერილობა, ერთ-ერთ შემდეგ ბლოგში დავწერ)..


მაშ ასე, თუ ფიქრობთ, რომ შვიდივე ნაბიჯი წარმატებით გაქვთ გადადგმული, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავი "ბატონი ელდარის" ნაცვლად.


დაფიქრდით, როგორ წარიმართებოდა თქვენი დიალოგი?


ნათელია ხომ, რასაც ეტყოდით?


შეიძლება ეს დიალოგი სულაც არ ყოფილიყო, წინასწარვე, მარტივი მათემატიკური გათვლებით, გეცოდინებოდათ, თუ როდის არის ახალი თანამშრომლის დამატება საჭირო...


559 views0 comments

Comments


bottom of page