პერსონალის შერჩევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი რეკომენდატორებისგან სწორი და საჭირო ინფორმაციის ამოღებაა.
სამწუხაროდ, საქართველოს შრომის ბაზარზე, არასწორად განვითარდა რეკომენდაციების გაწევის კულტურა და მახინჯი სახე მიიღო.
არაჯანსაღ დამოკიდებულებას ვაწყდებით, როგორც სამუშაოს მაძიებლების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან.
გაგაცნობთ 6 ძირითად პრობლემას, რომელიც ქართულ შრომის ბაზარს ახასიათებს:
1. სამუშაოს მაძიებელს რეკომენდატორად მითითებული ყავთ ცნობადი სახე ან მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირი, რომელთანაც არანაირი სამუშაო თანაკვეთა არ ჩანს - თავის დროზე ცოტა მეტი ინტერესი, რომ გამომეჩინა ალბათ დღეს უკვე სერიოზული სატელეფონო ბაზა მექნებოდა ცნობადი სახეების და მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირების (ან პრინციპში რაში გამოვიყენებდი 😊).
ვის არ წააყდებოდი რეკომენდატორებად, მსახიობებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ბიზნესის მფლობელებს, სახემწიფო სამსახურების მაღალჩინოსნებს, მამაოებს და ფეხბურთელებსაც კი.
2. სარეკომენდაციო წერილის უმეტესობა თავად კანდიდატის დაწერილია - როდესაც კანდიდატი CV - თან ერთად ვრცელ სარეკომენდაციო წერილს გიგზავნის დიდი ალბათობით ეს წერილი მისივე შედგენილია და რეკომდენატორი მხოლოდ ხელისმომწერად გვევლინება.
არც თუ ისე იშვიათად შევხვედრივარ დამსაქმებლის მხრიდან დამოკიდებულებას, როდესაც ყოფილი თანამშრომლის თხოვნაზე პასუხობს - „მოდი ნუ მაწვალებ, შენ თვითონ შეადგინე, რაც გინდა დაწერე და მე ხელს მოგიწერ.
3. არაფორმალური რეკომენდატორები - ხშირად რეკომანდატორის როლში გვევლინება ნათესავი/მეგობარი/ახლობელი, რომელიც გიმტკიცებს, რომ კანდიდატი “ცოდოა და ჭირდება ძალიან სამსახური”.
სამწუხაროდ მსგავსი რეკომენდატორების უმრავლესობა ხაზს უსვამს რომ კანდიდატი ცოდოა და ჭირდება სამსახური ნაცვლად იმისა, რომ გიყვებოდეს თუ რა სიკეთეებს მოგიტანს მასთან თანამშრომლობა.
4. მშვიდად წასვლის სანაცვლოდ რეკომედაციის გაწევა - არც თუ ისე იშვიათად ხდება როდესაც დამსაქმებელი სთავაზობს თანამშრომელს მოდი ახლა წყნარად ხმაურის გარეშე დავშორდეთ ერთმანეთს და სანაცვლოდ მე კარგ რეკომენდაციას გაგიწევ მომავალ დამსაქმებელთან.
5. რეკომენდაციების საჭიროებაზე მოთხოვნის შემცირება - შრომის ბაზარზე გაზრდილი მობილურობა ითხოვს დამსაქმებლების მხრიდან სწრაფ რეაგირებას, როგორც წესი დამსაქმებელს „გუშინ“ ჭირდებათ კანდიდატი, ამიტომ რეკომენდაციების განხილვისთვის რეკრუტერებს დრო არ რჩებათ.
იძულებულნი ხდებიან, რომ საერთოდ უარი თქვან რეკომენდაციების მოთხოვნაზე.
6. „დამალაიქე დაგალაიქებ“ პრინციპი - შრომის ბაზრის ვრიტუალურ სივრცეში გადმოტანამ გააჩინა არაჯანსაღი დამოკიდებულებები, რამოდენიმე დღის წინ ღია პოსტი შემხვდა ლინკდინზე რომელიც მოუწოდებდა სხვებს „დამაენდორსემენტეთ“ და მეც „დაგაენდორსემენტებთო“.
ყველაზე მეტად ეს პრობლემები HR - ებს და რეკრუტერებს გვაწუხებს, რადგან „ძალიან ბევრ ყალბ თვალში“ გვიწევს „ბრილიანტების“ ძებნა.
ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, თუ როგორ გადავლახოთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული, ზემოთ მოყვანილი დაბრკოლებები:
1. რეკომენდაციის მოთხოვნის შემთხვევაში ხაზი გავუსვათ თუ ვინ უნდა იყვნენ რეკომენდატორები. მაგ: მოითხოვეთ, რომ მიუთითონ რეკომენდატორი წინა სამსახურიდან ან მიუთითონ რეკომენდატორი სასწავლებლიდან სადაც სწავლობდნენ;
2. გადაამოწმეთ მითითებული რეკომენდატორი - რამდენად აქვს სამუშაო ან სხვა ტიპის თანაკვეთა კანდიდატთან;
3. სთხოვეთ რეკომენდატორს გამოგიყოთ გარკვეული დრო კანდიდატზე სასაუბროდ, თუნდაც ხუთი წუთი. თუ რეკომენდატორმა გამოთქვა მზაობა, ნიშნავს რომ გუწლრფელად უწევს კანდიდატს რეკომენდაციას, ხოლო თუ დაიწყო წუწუნი, რომ ამდენი დრო არ აქვს ეს კარგად გაგაზომინებს მისი კანდიდატისადმი დამოკიდებულებას;
4. სწორად წარმართეთ კომუნიკაცია რეკომენდატორთან - არც თუ ისე იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაურეკავთ და უკითხავთ გაუწევთ თუ არა რეკომენდაციას კანდიდატს ? მეც მითქვამს კი ან არა და აქ შეწყვეტილა ჩვენი საუბარი არადა კიდევ ბევრი რამ მქონდა სათქმელი კანდიდატის შესახებ, რატომ კი ან რატომ არა.
მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდატორს დაუსვათ ღია და კონკრეტული კითხვები კანდიდატის შესახებ. მაგ: როგორია კანდიდატის ცოდნის დონე კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში? როგორი დამოკიდებულება აქვს კანდიდატს ამა თუ იმ პროცესის მიმართ? მომიყევით რამოდენიმე პროექტის / პროცესის შესახებ რომელიც კანდიდატს კარგად შეუსრულებია; მომიყევით იმ შეცდომების შესახებ, რომელიც კანდიდატს დაუშვია თქვენთან მუშაობის დროს; რამ გამოიწვია თქვენსა და კანდიდატს შორის შრომის ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.
Kommentare