top of page
Search

ჯგუფური გასაუბრება



ჯგუფური გასაუბრება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთულად განსახორციელებელი მეთოდია სხვა გასაუბრებებს შორის, რადგან გამსაუბრებლისგან დიდ გამოცდილებასთან ერთად, განსხვავებულ და ამავე დროს განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს..


ჯგუფურ გასაუბრებას კომპანიები მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ბაზარზე ჭარბი სამუშაო ძალაა და პოზიცია არ მოითხოვს დიდ გამოცდილებას.


ამიტომაც ჯგუფური გასაუბრების მონაწილეები ძირითადად სტუდენტები ან შრომის ბაზარზე ახლად გამოსული სუბიექტები არიან. კომპანიები კი ცდილობენ მათ შორის ბრწყინვალე გონების მატარებელი ტალანტები გამოავლინონ..


ჯგუფური ინტერვიუს დროს უპრიანია გასაუბრებას, უშუალოდ მოდერატორი გამსაუბრებლის გარდა, ესწრებოდეს სხვა დამკვირვებელი ან მთელი პროცესის ჩაწერა ხდებოდეს, რადგან ერთი ადამიანის მიერ ერთდროულად შეხვედრის მოდერაციაც და რამოდენიმე მონაწილეზე დაკვირვება განსაკუთრებით რთულია.


ჩემი დაკვირვებით, ჯგუფური გასაუბრების დროს ყველაზე ოპტიმალური შედეგი იდება როდესაც მონაწილეთა რაოდენობა მერყეობს 6-დან 8 ადამიანამდე.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეთა რაოდენობა ლუწი იყოს, მინი ჯგუფების შესაქმნელად და პროცესების მარტივად სამართავად.


ეფექტიანი ჯგუფური გასაუბრების ჩასატარებლად, ასევე მნიშვენლოვანია წინასწარი სცენარის შედგენა, რომელიც გულისხმობს გამსაუბრებლის მიერ გასაუბრების სტრუქტურის და შინაარსის დამუშავებას.

ჯგუფური გასაუბრების სტრუქტურის და შინაარსის ფორმირებაში მოდერატორი თავისუფალია და თავის გემოვნებით და სიტუაციის მოთხოვნიდან გამომდინარე მოქმედებს.


ქვემოთ გთავაზობთ ჩემს მიერ ხშირად გამოყენებულ ჯგუფური გასაუბრების სცენარის ჩონჩხს:


მისალმება - მოდერატორი ხსნის გასაუბრებას, ესალმება მონაწილეებს, აცნობს კომპანიას, საკუთარ თავს, გასაუბრების ძირითად მიზანს და ფორმას, ასევე მონაწილეებისგან ისმენს 1-2 წუთიან თავის წარდგენას და ინფორმაციას მოტივაციის შესახებ.


მოლოდინების გაცვლა - მოდერატორი მონაწილეებს თხოვს ერთად შეადგინონ იმ პოზიციის „სამუშაო აღწერილობა“, რა პოზიციაზეც მოიწვიეს.


პირველ ეტაპზე მონაწილეებს თხოვს იმ ფუნქციების ჩამონათვალის გაკეთებას, რომლის შესრულებაც მოუწევთ თუ კომპანიის თანამშრომლები გახდებიან, ხოლო შემდეგ ეტაპზე თხოვს იმ ძირითადი კომპეტენციების ჩამონათვალის გაკეთებას, რომელიც დაჭირდებათ ამ სამუშაოს შესასრულებლად.


ჩამონათვალის ამოწურვის შემდეგ ინტერვიუერი თავად აკეთებს პოზიციის საბოლოო ფუნქციების და საჭირო კომპეტენციების რეზიუმირებას და აცნობს ჯგუფის მონაწილეებს.


ამ დროს ინტერვიუერი იყენებს ისეთ კითხვებს როგორიცაა: „როგორ ფიქრობთ რისი გაკეთება მოგიწევთ თუ ამ პოზიციაზე მოხვდებით?“ „როგორ ფიქრობთ რა ძირითადი ცოდნები, უნარები და თვისებები დაგჭირდებათ, რომ კარგი თანამშრომელი იყოთ ამ პოზიციაზე?“


სფეროს მიმოხილვა - მოდერატორი მონაწილეებს თხოვს პოზიციის შესაბამისი სფეროს მიმოხილვას, მაგალითად: თუ მოწვეულ კანდიდატებს დასაქმების შემთხვევაში მოუწევთ სპორტული ინვენტარის გაყიდვა, ის თხოვს მონაწილეებს მიმოიხილონ სპორტული ინვენტარის ბაზარი.


ამით გამსაუბრებელი ადგენს კანდიდატების ინფორმირებულობას შესაბამის ბაზართან მიმართებაში ასევე რამდენად მოემზადნენ კანდიდატები კონკრეტული გასაუბრებისთვის.


4. ლოგიკის შემოწმება - მოდერატორი წინასწარ შედგენილი ლოგიკური ამოცანებით და დავალებებით ცდილობს მონაწილეთა ერთმანეთთან შეჯიბრებას.


ასევე ამ დროს ეფქტურია ე.წ. „უპასუხო კითხვების“ გამოყენება, სადაც მონაწილეები დარწმუნებულები არიან თავიანთი პასუხების სისწორეში და ცდილობენ თავიანთი ლოგიკების ხაზის განვითარებას.


ამ დროს კარგად ჩანს მონაწილეთა არამარტო ლოგიკური აზროვნება, არამედ მათი დარწმუნების უნარი, მსჯელობა, ვერბალიკა, პრინციპულობა, ემპათია და ა.შ.


5. სიმულაცია - მოდერატორი ჯგუფს ორ ნაწილად ყოფს. ჯგუფებს უწევს სხვადასხვა როლების მორგება, სიტუაციის შესაბამისად..


მაგალითად თუ კანდიდატები პოტენციური გაყიდვების წარმომადგენლები არიან ორივე ჯგუფი მოირგებს როგორც მყიდველის ასევე გამყიდველის როლებს.


ჯგუფებს ეძლევათ დრო შესაბამისი წინადადების მოფიქრებისთვის და პრეზენტაციის მომზადებისთვის.


მოდერატორი და დამკვირვებელი აკვირდებიან, როგორც ჯგუფების მიერ დავალების შესრულებას, ასევე ჯგუფის შიგნით მონაწილეთა აქტიურობას, ლოგიკურ მსჯელობებს, აზროვნებას, ლიდერობას და ა.შ.


მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შედგენილი იქნას რთული ამოცანები როლებისთვის.

რთული ამოცანები შესაძლოა იყოს შემდეგი: აბაშელი ფერმერებისთვის გენომოდიფიცირებული სიმინდის თესლის მიყიდვა ან მოსახლეობაში ქიმიური პროდუქტების ქარხნის აშენების ნებართვის ყიდვა და ა.შ., ნებისმიერი რამ რასაც მოდერატორის ფანტაზია გაწვდება.


6. გასაუბრების დასრულება - მოდერატორი პოზიტურ ნოტაზე ასრულებს გასაუბრებას, მადლობას უხდის მონაწილეებს და აცნობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებს.


474 views0 comments
bottom of page